Rothschild & Co-მ საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო
ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა იწყება. დოკუმენტზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის Rothschild & Co იმუშავებს.
სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით Rothschild & Co-ს დელეგაცია სტუმრობს.
დელეგაციას კომპანიის მმართველი დირექტორი, არიელ მალარდ დე როტშილდი ხელმძღვანელობს. როტშილდი პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად წარიმართება. შეხვედრაზე თბილისსა და გონიოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნაზეც იმსჯელეს.
მხარეები იმედოვნებენ, რომ ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს წარმომადგენლები პიერ ადელინი და ელა ტრედი, კომპანია KAISER PARTNER-ის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ლინიგერი და კომპანიის წარმომადგენელი მარკ გოსმანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და Rothschild & Co-ს შორის ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოეწერა.