ეკონომიკა
27/07/2023

როგორია მოსახლეობის ფინანსური განათლება იმისთვის, რომ მათ თავიანთი საპენსიო დანაზოგები მართონ

2023 წლის 6 აგვისტოდან  საპენსიო სააგენტოს ბენეფიციარებს უკვე შეეძლებათ თავად აირჩიონ რა ტიპის პორტფელში განათავსებენ საკუთარ საპენსიო აქტივებს.

რა მოხდება და რა იცვლება საპენსიო დანაზოგებზე 6 აგვისტოდან და როგორია მოსახლეობის ფინანსური განათლება იმისთვის, რომ მათ თავიანთი დანაზოგები მართონ, - ამის შესახებ დილის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ PMC კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა.

-ჩვენ ფინანსურ განათლებაზე მუდმივად ვსაუბრობთ. სხვადასხვა პროექტი, კომპანია თუ ორგანიზაცია ამაში ფულს ხარჯავს, თუმცა რეალურად წინ ვერ მივიწევთ. თქვენი შეფასებით, რა ხდება? რა იწყება და რა იცვლება 6 აგვისტოდან?

-კითხვა ორ ნაწილად უნდა დავყოთ. პირველ ნაწილში, საპენსიო რეფორმის ახალ ეტაპზე გადავდივართ. პასიური რეჟიმის ინვესტორობიდან, როგორც 5 წლის განმავლობაში ვიყავით, ახლა შესაძლებლობა გვექნება აქტიური ინვესტორები გავხდეთ.

აგვისტოს შემდეგ, სხვადასხვა ტიპის ე.წ. პორტფელები შედგება, რომლებიც სხვადასხვა რისკიანობით ხასიათდება. ამით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ არჩევანი სასურველ პორტფელზე გავაკეთოთ, მისი რისკიანობის გათვალისწინებით, ანუ უფრო აქტიური ინვესტირების რეჟიმში გადავიდეთ. უკვე იმის თქმა შეგვეძლება, რომ იმ ტიპის პორტფელს ავირჩევთ, რომელიც შემდგომში უფრო მაღალ სარგებელს მოგვიტანს.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა მოხდება, ეს პროცესი აგვისტოს თვეს ემთხვევა, არჩევანის გასაკეთებლად ერთი თვე გვექნება. ასაკიდან გამომდინარე, პროგრამა შესაბამისი პორტფელის სტატუსს ავტომატურად მოგვანიჭებს.  სავარაუდოდ, არსებულ სიტუაციაში მოხდება ის, რომ შედარებით ნაკლები მომხმარებლის ნაწილი პროაქტიულად შეარჩევს თავის პორტფელს და მაღალი ალბათობით, მოსახლეობის დიდი ნაწილი იქ დარჩება , სადაც  საპენსიო სააგენტომ ასაკიდან გამომდინარე, შესაბამისი სტატუსის პორტფელი მიანიჭა.

-ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ისეთი ტერმინების შესახებ, როგორიცაა პასიური და აქტიური ინვესტორი. მეტიც,  შეიძლება გაგებულიც არ ჰქონდეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რისკია და დაახლოებით 1 წლიანი კამპანია მაინც გვჭირდება იმისათვის, რომ ხალხი მოვამზადოთ, ავხსნათ, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რათა მათი ინფორმირება  სწორად მოხდეს. ფინანსური განათლების მიხედვით, რა შეიძლებოდა გვესწავლა და სამომავლოდ რას გვასწავლის? 

-30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანას აქტიური ინვესტირების გამოცდილება ჰქონდა, რომელიც ვიტყოდი რომ ძალიან ცუდი იყო. ამან კი საქართველოში ფინანსურ ბაზრებზე მოსახლეობის დამოკიდებულების კუთხით ცუდი კვალი დატოვა.

შესაბამისად, ახლა რეალურად საპენსიო რეფორმის ირიბი სარგებელი არის ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ საშუალება მოგვეცა  ამ ფინანსური განათლების ირიბი გაღრმავების. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დანაზოგი და ჩვენ საპენსიო სააგენტოსთან ერთად ამ დამზოგის თანაგამკვალველები ვხვდებით. მეც ვფიქრობ, რომ უკეთესი საკომუნიკაციო კამპანია კარგი იქნებოდა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა არაინფორმირებულია და მგონია, რომ ამ ეტაპზე, შესაძლებლობას ხელიდან ვუშვებთ, რომ ადამიანები ორ რამეზე დავაფიქროთ.

პირველი, რამდენად მნიშვნელოვანია დანაზოგების კეთება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დანაზოგების ინვესტირების დროს კონკრეტული სტრატეგიის არსებობა. საერთაშორისო გამოცდილებები ცხადჰყოფს, რომ მოქალაქე რაც უფრო გათვიცნობიერებულია, მით უფრო უკეთესია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ეკონომიკისთვის, სადაც ის ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ შესაძლებლობა ცოტათი გავუშვით ხელიდან, მაგრამ მეორე ის არის, რომ იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მოქალაქეს სტატუსის ცვლილება აღარ შეეძლება, ამ პერიოდში საპენსიო სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, რომ ინფორმირების კუთხით აქტიური კამპანიები აწარმოოს.

პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ საპენსიო სააგენტო მოსახლეობას პროგრამულად ასაკის და მიხედვით პორტფელებში ანაწილებს.

ვინც უფრო ასაკოვანია, ის შედარებით დაბალ რისკიან პორტფელში ჩაჯდება, ხოლო ახალგაზრდები უფრო მაღალრისკიან პორტფელში აღმოჩნდებიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შედარებით ასაკოვან მოსახლეს სისტემა უფრო იცავს და მისი პორტფელი უფრო დაბალრისკიანობით ხასიათდება.

-განვმარტოთ და ვთქვათ, პორტფელებს შორის რა განსხვავებაა? რა რისკებსა და რა სარგებელს შეიცავს?

- როდესაც მაღალ და დაბალრისკიან პორტფელებზე ვსაუბრობთ, მათ შორის განსხვავება არის შემდეგნაირი, რომ მაღალრისკიან პორტფელში წილობრივი მონაწილეობა კომპანიებში შედის. მაგალითისთვის, მაღალრისკიანი პორტფელის შემთხვევაში, პორტფელში იქნება კონკრეტული კომპანიები ან ინდექსებში ჩადებული თანხები და ამ მხრივ დამზოგველი, შესაბამისი კომპანიების  თანამესაკუთრე ხდება. ხოლო, როცა საუბარია დაბალრისკიან პორტფელებზე, აქ უფრო ინვესტირება სასესხო ინსტრუმენტებში ხდება. ანუ საპენსიო სააგენტო სასესხო ტიპის ფასიან ქაღალდებს იყიდის, კონკრეტულ კომპანიებს ან ბანკებს შესაბამის თანხას ასესხებს, რაც ითვლება, რომ უფრო ნაკლებად რისკიანი ინვესტიციაა.

ანუ ერთ შემთხვევაში დამზოგველები კომპანიის თანამესაკუთრეები, ხოლო მეორე შემთხვევაში -  კომპანიების კრედიტორები ვხდებით.

-რა ხდებოდა ამ 5 წლის განმავლობაში?

-აქამდე თანხების უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა ფორმით საფინანსო სექტორში იდებოდა(დეპოზიტებზე, ანაბრებზე) და შესაბამისად, ეს იყო თავისთავად დაბალრისკიანი პორტფელი. ახლა, ინვესტიციების ის წილი ანუ მთლიანად 3,5 მილიარდის რაღაც ნაწილი აქტიურად დაბანდდება ე.წ. აქციებში და შესაბამისად, ეს აქციებში ინვესტირება ითვლება, რომ არის უფრო მაღალრისკიანი ინვესტიცია.

 

Businesspartner