"რისკები დიდია" - IMF მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და სავალუტო ინტერვენციების საჭიროებას ხედავს
ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის მიზნობრივ (3%-იან) ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნებაზე მიანიშნებს.
სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი ქვეყანაში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, ეკონომიკის მკვეთრ შენელებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავების მიუხედავად, შემთხვევების ბოლოდროინდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება მოითხოვა, რამაც აღდგენის პროცესი შეიძლება შეასუსტოს.
"რისკები დიდია და, მეტწილად, ნეგატიური", - მიიჩნევს ჟენგი. მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და, ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო.
"ინფლაციური წნეხი შემცირდა, რადგან სხვაობა პოტენციურ და ფაქტიურ გამოშვებას შორის გაიზარდა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დასტაბილურდა.
ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
პანდემიაზე ფისკალურმა პასუხმა ხელი შეუწყო ამ გამოწვევის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, მიზანმიმართულ და დროებით დახმარებას შინამეურნეობებისა და ბიზნესისათვის და კაპიტალური ინვესტიციების შენარჩუნებას", - განმარტავს სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილე.
ტაო ჟენგი ამბობს, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს ფისკალური წესის მოთხოვნის შესაბამისად, ფისკალურ კონსოლიდაციას დაიწყებს.
"ხელისუფლების მიერ იმ ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი, რომელიც ელექტროენერგიის შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო საწარმოებისგან მომდინარეობს, ხელს შეუწყობს ვალის მდგრადობას. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გეგმა საჯარო სექტორის ეფექტურობას გააუმჯობესებს.
სტრუქტურული რეფორმების დამაჯერებელი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური აღმავლობის ხელშესაწყობისა და კოვიდ 19-ის შოკით გამოწვეული დანაკარგის შესამცირებლად. ინვესტიციების მობილიზება, განათლების რეფორმის შემდგომი განხორციელება, გადახდისუუნარობის ახალი ჩარჩოს განხორციელება, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სასამართლო რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და ხელს შეუწყობს ზრდას, სადაც წამყვანი კერძო სექტორი იქნება", - განმარტავს ჟენგი.
ფონდის აღმასრულებელმა საბჭოს საქართველოს მეშვიდე მიმოხილვის ფარგლებში $113,9 მლნ უკვე დაუმტკიცა და ის უკვე ქვეყნისთვის ხელმისაწვდომია. ფონდი მიმდინარე პროგრამის შესრულებას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" ხელისუფლებას ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაეხმარა, რამაც ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეზღუდა.