"რიკოთის ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია"
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეგმის შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
მინისტრმა ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოების ტემპი კონტრაქტორების მხრიდან და რაზეც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს.
ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში, როდესაც კონტრაქტორები გაითვალისწინებენ როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ეს სრულიად შესაძლებელი იქნება.
ამ დროისთვის დაწინაურებულია მეორე და მესამე - ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთები, თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია “- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
შეგახსენებთ,რიკოთის პროექტზე საუბარი რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო თათბირზეც იყო.
მაშინ ითქვა, რომ 2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე. მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება 2023 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.