ეკონომიკა
14/08/2023

რიკოთის ოთხი კომპანიიდან, ხელშეკრულების გაფორმებისას არცერთი ყოფილა სანქცირებული

,,კარგია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გაიგეს და აღიარებენ, რომ რიკოთის ტენდერებში, მაღალი კონკურენციის პირობებში, ოთხ მონაკვეთზე, ოთხი სხვადასხვა კომპანია შეირჩა. თუმცა, თავიანთი უსამართლო ბრალდების გასამყარებლად, ორი სხვადასხვა დანიშნულების შესყიდვის ფორმას ერთმანეთში ურევენ. არადა, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ხარისხზე დაფუძნებული 80-20-ზე პრინციპით, საზედამხედველო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა ხდება. ხოლო, სამშენებლო შესყიდვისთვის ტარდება „ღია საერთაშორისო ტენდერი“, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდება კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს და აქვს უმდაბლესი ფასი’’-აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
 
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, შესყიდვის მიზნებისთვის, გამოიყენება ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი სანქცირებული კომპანიების სია. ე, წ. შავი სია, და არა რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის სანქცირებულთა სია. ეს სიები არის ღია და საჯარო. შესაბამისად, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით არცერთ სანქცირებულ კომპანიასთან არ გაფორმებულა ხელშეკრულება.
 
,,ოთხივე კომპანია, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად რიკოთის ტენდერში და რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო კრიტერიუმებს, მოთხოვნებს და არ ირიცხებოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა სიაში. მოსახლეობისთვის, არასპეციალისტისთვის, ეს შეიძლება არ იყოს მარტივად გასაგები და სწორედ ამიტომაა ადვილი ამ თემით მანიპულაცია. მაგალითად მოგახსენებთ: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის ტენდერი ჩატარდა მსოფლიო ბანკის წესების შესაბამისად. სატენდერო დოკუმენტაციის მე-3 სექციის 3.23 პუნქტის (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიები რომლებიც არიან სანქცირებული ბანკის მიერ არიან „ineligible“ ანუ შეუსაბამოები და ისინი ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას. ამასთან, სატენდერო დოკუმენტების მე-2 სექციის ITB 4.5 პუნქტში მითითებულია ბმული, სადაც მოცემულია სანქცირებული კომპანიების სია’’-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
 
მან კიდევ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიკოთზე გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები და ეს არ არის სახელმწიფო შესყიდვის ტიპიური ხელშეკრულება. ეს არის საერთაშირისო შესყიდვა და არ არის კავშირში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან. პროექტზე, რომელიც ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, ფორმდება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შემუშავებულია 1913 წელს ჟენევაში დაარსებული და მოქმედი საერთაშორისო ინჟინერთა ასოციაციის მიერ. ხელშეკრულების ეს ფორმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილია. ამავე ხელშეკრულების ზოგადი პირობების 15.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში წყდება ხელშეკრულება და რა საფუძველით. კომპანიის სანქცირება, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არ არის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
მინისტრის თქმით, რიკოთზე მომუშავე კომპანიები, არც 10 აგვისტოს მდგომარეობით საფინანსო ინსტიტუტების მიერ სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებიან.
Businesspartner