რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების ნებართვა აღარ გაიცემა
რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების ნებართვა აღარ გაიცემა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და თბილისზე გული შესტკივა, არ მოსწონდა ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა - კოეფიციენტის გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორი განვითარება, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა.
"ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. შესაბამისად, გენგეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ.
დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, ვისაც გენგეგმის მიღებით გაუუარესდა სტატუსი საკუთარ მიწის ნაკვეთებზე - აუცილებლად უნდა მომართონ თბილისის მერიას და ჩვენ ვიმოქმედებთ გენგეგმით განსაზღვრული წესებით. პირველი, ურბანული სამსახური, არქიტექტურის სამსახურთან ერთად, გაივლის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის არსებულ სტატუსს - რა იყო გენგეგმის მიღებამდე და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა, არის თუ არა შესაძლებელი, დაუბრუნდეს ძველი სტატუსი, თუ ეს არ დააზიანებს ქალაქის ურბანულ განვითარებას. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემაა, მზად ვართ, ასეთ შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ.
არც ერთი შემოსული განცხადება პასუხგაუცემელი არ დარჩება. შექმნილია შესაბამისი ჯგუფი. ამიტომ, იაქტიურეთ, ვისაც გაუუარესდა მიწის ნაკვეთების სტატუსი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.