"რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ ურთიერთობას მეტი მნიშვნელობა მიეცა"
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ფლაგმანი უწოდა, ამასთან, სამაგალითოდ შეაფასა მისი საქმიანობა, მიზნები და ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარებ წარმოადგინა.
დავით სონღულაშვილმა ქვეყანებს შორის არსებულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს, რომელიც სამწუხაროდ, ბოლომდე ათვისებული და გამოყენებული არ არის. ამასთან, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესაძლებლობები ნამდვილად დიდია და მაქსიმალური კოორდინირებაა საჭირო, როგორც ყაზახურ და ქართულ კერძო სექტორს შორის, ასევე სამთავრობო დონეზე.
„კომიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას.
პირველ რიგში, ძალინ საინტერესო კვლევები და მიგნებები იყო წარმოდგენილ გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის მიერ. ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის დიდი პოტენციალია. რა თქმა უნდა, ეს თავის თავში ექსპორტს და იმპორტს მოიცავს. დღევანდელი გამოწვევებისა და რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტი მნიშვნელობა მიეცა ქართულ–ყაზახურ ეკონომიკურ ურთიერთობას. ყაზახეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არის სამეული, რომელიც შუა დერეფანს განავითარებს და გაზრდის მის მნიშვნელობას, ხოლო თვითონ ყაზახურ–ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებშიც უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო პრიორიტეტებიც შეიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, მსგავსი ტიპის მოსმენები გაგრძელდეს. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, პროექტებს ახორციელებს და მართავს საინტერესო მოლაპარაკებებს ყაზახურ მხარესთან. ჩვენი მხრიდან, საზედამხედველო ფუნქციის ნაწილში, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იქნას ყველა ის შესაძლებლობა და პოტენციალი, რაც ყაზახურ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობის შედეგად შეიძლება მივიღოთ, “– აცხადებს დავით სონღულაშვილი.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა მიმართულების გამოვლენა იწყება შესწავლით და პირველი რაც გააკეთეს სწორედ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის კვლევა იყო, რაშიც TBC Capital-ის კვლევის სამსახური დაეხმარათ. შექმნილი დოკუმენტი 2021 წლისა და 2022 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.
„პირველი კვლევა ჩავატარეთ 2006-2020 წლის ჩათვლით, რომ დაგვენახა ზოგადად რომელ დარგებში ხდებოდა ინვესტიციების განხორციელება, სად ხდებოდა ვაჭრობა და როგორ იზრდებოდა ტურიზმის დინამიკა. ამან საკმაოდ კარგი მიგნებები მოგვცა, დაგვანახა, რომ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით აუთვისებელია შესაძლებლობები და გვაქვს იმის უნარი, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ყაზახური კაპიტალის დახმარებით, რაც მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია,“–აცხადებს ჯახუტაშვილი.
კვლევის შედეგები და ძირითადი რეკომენდაციები TBC Capital-ის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძემ წარმოადგინა. როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, უნდა გავაანალიზოთ რეგიონული პოტენციალი, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით: „მაგალითად ყაზახეთიდან საკვები პროდუქტების იმპორტის გაფართოების ნაწილში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ვხედავთ თუ როგორ გაიზარდა საქართველოს როლი სატრანზიტო დერეფანში და ამისთვის ევროკავშირთან დადებული ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესანიშნავ პირობებს ქმნის ყაზახი ინვესტორებისა და პარტნიორების დაინტერესებისთვის. იმისათვის, რომ ტურიზმი კიდევ უფრო გაძლიერდეს, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის პროფილი კარგად იყოს შესწავლილი, ზოგადი მონაცემები არ არის საკმარისი“.
რაც შეეხება საკვლევ საკითხებს, ირინა კვახაძემ რამდენიმე ძირითადი მიმართულება დაასახელა:
- არსებული რეგიონული კონფლიქტიდან გამომდინარე, ყაზახეთიდან საკვები პროდუქტების (და არამარტო) იმპორტის გაფართოების პოტენციალი
- რეგიონული კონფლიქტის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაზრდილი პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე
- საქართველოს და ყაზახეთის შიდა რეგიონული პოტენციალის გაანალიზება
- საქართველოს დასავლურ ბაზრებთან არსებული სავაჭრო შეთანხმებების ეფექტური გამოყენება საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში
- ყაზახი ტურისტის პროფილის დაიდენტიფიცირება და შესწავლა
დასასრულს, ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლის გათვალისწინებაც კიდევ უფრო გაარღმავებს ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს. გაერთიანების ხელმძღვანელმა რამდენიმე რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის შემდგომ შესრულებას საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ, მნშვნელოვანია პარლამენტის და ეკონომიკური კომიტეტის მხარდაჭერა, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების აქტუალიზაცია უფრო მეტად მოხდეს აღმასრულებელ ორგანოებსა და კერძო სექტორშიც.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ჩატარებული კვლვებისა და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართა, რომლის მიზანიც საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება იყო.