ეკონომიკა
01/11/2021

რამ განაპირობა ექსპორტში ევროკავშირის წილის შემცირება

ექსპორტში ევროკავშირის წილის შემცირება სპილენძის მადნების და კონცენტრანტების ექსპორტის კლებას უკავშირდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი წლიურ ჭრილში 40%-იან კლებას აჩვენებს. სხვა სასაქონლო ჯგუფების შეტანა ევროკავშირის ბაზარზე გაზრდილია.

„თვითონ სპილენძის მადნები და კონცენტრანტები არის ნედლეული, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მარტივად ივაჭრება. მისი გასაღების პრობლემა არ არსებობს. კონკრეტულ წლებში, იმის მიხედვით, რომელ ქვეყანასთან ფორმდება კონტრაქტები ეს პროდუქტი გადის ხან ჩინეთში, ხან ევროკავშირში. წელს, ეს პროდუქტი არ გავიდა ევროკავშირში და მაგრამ 38%-იანი ზრდაა ჩინეთში“, - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, სხვა სასაქონლო ჯგუფების ექსპორტი 30%-ით აირს გაზრდილი. მნიშნველოვანი ზრდაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში: თხილი, ღვინო, მინერალური წყალი. ასევე გაზრდილია ევროკავშირის ბაზარზე ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია და აქ ზრდა 80%-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარს მთლიანი ექსპორტის 14.9% ეჭირა, რაც 6%-ული პუნქტით ნაკლებია 2020 წლის მონაცემზე.

 

 

 

Businesspartner