ეკონომიკა
27/03/2021

რაჭული სოჭი იბრენდება - მთავრობა "თლუღის" გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციაზე მუშაობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უწყება “თლუღის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვაზე კონსულტაციას აწარმოებს.

“რაჭული სოჭი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგრარული საექსპორტო რესურსი, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ღვინო. ეს არის ქართული ბრენდი, რომლის სახელის დაცვაზე შიდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება. გვინდა, რომ მოხდეს თლუღის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა.

დასავლეთ ევროპის ქვეყნების  ძალიან დიდი პროცენტი საშობაოდ სწორედ საქართველოდან, ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღიდან წაღებული გირჩის თესლიდან გამოყვანილ საშობაო ნაძის ხეს მოიხმარენ. ეს უნდა გახდეს ბრენდი და ტურისტული თვალსაზრისით სერიოზული ნიშა დაიკავოს,“ - აცხადებს ამირგულაშვილი.