რა სარგებელი და პერსპექტივა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს - კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის განსაზღვრაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში თემატური მოკვლევა დაიწყო.
თემატური მოკლევის მიზანია არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
„მეცნიერული კვლევების, რეკომენდაციების, არსებული მდგომარეობის შესახებ მოსაზრებების გაზიარება ჩვენ დაგვეხმარება არ მარტო იმაში, გავარკვიოთ რა მდგომარეობაა ამ სფეროში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებთან, არამედ შევიმუშაოთ ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ვაჭრობის განვითარების კუთხით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის და საბოლოოდ ეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში აისახება, რაც ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანაა", -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ექსპორტის განვითარების ასოციაციის, ა(ა)იპ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „აწარმოე საქართველოში", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები.
კომიტეტი შეაჯამებს მოსმენილ მოსაზრებებს, რაც მოკვლევის საბოლოო ანგარიშში აისახება.
თემატური მოკვლევა ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.