ეკონომიკა
03/11/2020

რა პროდუქტები და სერვისები გაძვირდა ყველაზე მეტად ერთი წლის განმავლობაში

ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა, ფასები მომატებულია ჯანდაცვის სერვისებზე.

"საქსტატის" მონაცემებით ოქტომბრის წლიური ინფლაციის ფორმირებაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასების მატება 1.74%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია: ზეთი და ცხიმი - 17.3%, ყავა, ჩაი და კაკაო - 13.6%, თევზეული - 10.3%, პური და პურპროდუქტები - 7.8%, რძე, ყველი და კვერცხი - 6%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 4.5%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 4.2%, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 3.5%, ბოსტნეული და ბაღჩეული - 2.2%. ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე 3.2%-ით.

ჯანმრთელობის სექტროში ფასების წლიური ზრდა 9%-ით განისაზღვრა, რაც 0.73%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქო ფასები 9%-იან ზრდას აჩვენებს. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6%-ით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8%) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2%). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი).

ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.