ეკონომიკა
08/05/2023

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს მდინარეებსა და ტბებში მცურავ ტრანსპორტს?

შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი ტრანსპორტის რეგულირება იწყება. ქვეყნის ტბებზე თუ მდინარეებზე მცურავ სატრანსპორტო საშუალებებს პირველ ეტაპზე რეგისტრაცია მოუწევთ. მეორე ეტაპი კი მოიცავს ტექნიკური საზედამხედველო მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ნებართვის მიღების პროცედურების დამტკიცებას. მიზანი უსაფრთხოების რისკების შემცირებაა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განუცხადა, ახალი წესებით, მცურავი სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული, აკმაყოფილებდეს ტექნიკური ექსპლუატაციის წესებს და იყოს უსაფრთხო.

ამასთან, თუ რა კონკრეტული წესები გავრცელედება ამა თუ იმ მცურავ სატრანსპორტო საშუალებაზე, დამოკიდებულია მის ზომაზე - დაკმაყოფილებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები თუ ჰიგიენტის სტანდარტები.

„ეს სფერო სრულიად დაურეგულირებელია. არ არსებობს რაიმე წესები, რომლის მიხედვითაც, მასში მონაწილე აქტორები - გადამზიდავი თუ მგზავრი მოიქცევა. არადა, ეს არის მომატებული საფრთხის ზონა, როგორც ნებისმიერი სატრანსპორტო სივრცე და აუცილებელია წესების არსებობა. შესაბამისად, პირველ ეტაპზე აუცილებლად დარეგისტრირდება ყველა ის მცურავი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შიდა სახმელეთო წყლებში დაცურავს“ - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

მისივე თქმით, რეფორმა საკმაოდ კომპლექსურია - 2024 წელი იქნება რეგულაციების შემუშავების და დამტკიცების წელი იქნება. მიმდინარე წელს კი კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს სფეროს რეგულირების აუცილებლობას.

„მეორე ეტაპზე შემოდის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები, საზედახედველო მოთხოვნები და ნებართვის მიეღების პროცედურების დამტკიცება, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხოებას და შეამცირებს და გამორიცხავს იმ რისკებს, რაც შეიძლება დადგეს გაუთვალისწინებელი შემთხვევების სახით ტრანსპორტის ამ სფეროში“ -განმარტავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე „ბიზნესპარტნიორთან“.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი მცურავი სატრანსპორტო საშუალება დაცურავს საქართველოს სახმელეთო წყლებში. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რეგისტრაციის ვალდებულება ამ მაჩვენებლებს დააზუსტებს, შემდეგ კი, სანებართვო ეტაპი დაიწყება.

Businesspartner