რა გავლენა მოახდინა COVID-19-მა საქართველოს ეკონომიკაზე - მერსედეს ვერა-მარტინის შეფასებები
COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, - აცხადებს სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მერსედეს ვერა-მარტინი.
მისი თქმით, მაშინ როცა პანდემიის გავლენა ჯანდაცვაზე წარმატებულად კონტროლდება, საქართველოს საგარეო პოზიცია გაუარესდა, რამეთუ ტურიზმიდან შემოსავალი, ფაქტიურად, გაქრა.
"წინასწარი მონაცემების მიხედვით ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა ივნისიდან დაიწყო. კერძო სექტორის დაკრედიტება კვლავ ჯანსაღი ტემპით მიმდინარეობს, რასაც, ნაწილობრივ, ხელს უწყობს მთავრობის პროგრამა ლარში აღებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების შესახებ. ბოლოხანს ინფლაციის ტემპმა იკლო, სუსტი მოთხოვნის და ეკონომიკის ჩაკეტვის შემდგომ პერიოდში აღდგენილი მიწოდების გავლენით.
მიმდინარე წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 5%-ით. ეს მაჩვენებელი, სსფ-ს პროგრამის მეექვსე მიმოხილვისას ნავარაუდევ ზრდის ტემპზე ნეგატიურია, რადგან: ერთის მხრივ, 2020 წლის მეორე კვარტალის ფაქტიური მაჩვენებლები და, მეორეს მხრივ, საგარეო მოთხოვნის აღდგენა მოსალოდნელზე სუსტია. პანდემიის გარშემო არსებული დიდი გაურკვევლობის გამო, ზრდის ზემოაღნიშნული პროგნოზის თანმხლები რისკების უმეტესობა ნეგატიურია, რაც პროგნოზს დაღმავალი მიმართულებით შეცვლის. თუ რისკები განხორციელდა, მათ შორის, სავაჭრო პარტნიორების სუსტი ზრდა მეტ ხანს გაგრძელდა და ტურიზმი ვერ აღდგა, საჭირო გახდეს გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, ეკონომიკის მხარდამჭერი შემდგომი ღონისძიებების გატარება.
პანდემიამდე გატარებულმა გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ: საგარეო და ფისკალური ბუფერების დაგროვებამ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, შესაძლებლობა მისცა ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესაკავებლად. მთავრობამ გაზარდა სოციალური ხარჯები, აამოქმედა გადასახადების დროებითი შეღავათები მოსახლეობასა და ბიზნესისთვის. საქმიანობის შესანარჩუნებლად სუბსიდია გამოუყო შოკისგან განსაკუთრებით დაზარალებულ სექტორებს. საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება თანდათანობითი ფისკალური კონსოლიდაცია (ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება), 2020 წელს შემოსავლების ნაწილში დანაკლისის გამო. ამას მოითხოვს ქვეყნის კანონი ‘ეკონომიკური თავისუფლების შესახებ’. ეს აუცილებელია ფისკალური მარაგის შესაქმნელად რათა გაწეულ იქნეს საჭირო ხარჯები განათლების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მისია მიესალმება საგადასახადო ადმინისტრირების, ასევე ფისკალური რისკების აღწერის და მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს; სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესების სტრატეგიის ჩამოყალიბებას", - განმარტავს მერსედეს ვერა-მარტინი.
საქართველოში სსფ-ს მისია 8-14 სექტემბერს მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით ონლაინ, ვირტუალური ფორმით მუშაობდა, მიზანი საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვის და სტრუქტურული რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასება იყო.