რა ამყარებს ლარს - ირაკლი კოვზანაძის განმარტება
რატომ მყარდება ლარი - ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზს ასახელებს და განმარტავს, რომ გამყარების მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა ან ერთჯერადი ქმედება
"ბოლო პერიოდში ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა ამ გამყარების მიზეზი არ არის რაიმე მყისიერი მოვლენა ან ერთჯერადი ქმედება. ლარის გამყარების საფუძველი შექმნა რამოდენიმე გარემოების ერთობლიობამ:
• ორნიშნა ეკონომიკური ზრდა(10.6%).
• სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (8-10.5%).
• იანვარში შემცირებული ფულის მასა (M2) დაახლოებით 700 მლნ. ლარით.
• მნიშვნელოვნად გაზრდილი ფულადი გზავნილები, გაზრდილი ექსპორტი.
ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის გაუფასურება, ანუ დევალვაცია მნიშვნელოვნად და პირდაპირ გადაეცემა ფასებს, ანუ აისახება ინფლაციაში. შესაბამისად ლარის გამყარება, ანუ რევალვაცია თავის მხრივ ინფლაციის შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს.
ასევე როგორც ეკონომისტი და ფინანსისტი ავღნიშნავ, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით, ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე", - განმარტავს ირაკლი კოვზანაძე.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირიდან ლარი მყისიერად მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.91 ლარას ივაჭრება.