"ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩინეთს ეკონომიკურად კიდევ უფრო დავუახლოვდეთ"
ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია, თუ რამდენად ძლიერი ქვეყანაა ჩინეთი ეკონომიკურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე - გადის თუ არა საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხში რუსეთის გზას, კახა კალაძე პასუხობს, რომ საქართველო გადის მხოლოდ და მხოლოდ იმ გზას, რასაც ცივილიზებული მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იყენებს.
„როგორ გეკადრებათ? ნახეთ სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე, სხვადასხვა მისწრაფებები ქვეყნების მხრიდან. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩინეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ; კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით; კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია წამოვიღოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, მეტი დოვლათი შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.