ეკონომიკა
23/05/2022

"ყოველწლიურად $700 მილიარდის აგრონარჩენი იყრება" - ნაგავსაყრელზე მოხვედრილი პროდუქცია

მსოფლიო პოპულაციის სწრაფმა მატებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გლობალურად საკვების წარმოების მასშტაბების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

ამჟამად, ვარგისი მიწების ნახევარი ინტენსიური სასოფლო-სამეურონეო სამუშაოებისთვის გამოიყენება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო გლობალურად არსებული ნიადაგის მეოთხედი დეგრადირებულია. თვალსაჩინოებისთვის, ეს ფართობი დაახლოებით ინდოეთისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს უდრის. მაგალითად, ევროკავშირში დაახლოებით 12 მილიონი ჰექტარი მიწა ეროზირებულია, რის გამოც ყოვეწლიურად მცირდება მოსავლიანობა და იკარგება მილიარდ ნახევარზე მეტი ევრო.

ერთი შეხედვით, არსებული არც თუ ისე სახარბიელო ვითარებიდან გამოსავალი ნათელია და ის მწვანე ეკონომიკისა და ცირკულარული სოფლის მეურნეობის მოდელების განვითარებაშია. ცირკულარული სოფლის მეურნეობა სხვა დანარჩენთან ერთად, ნიადაგების რეგენერაციასა და წარმოებაში ნარჩენების მინიმუმამდე აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.

"ცირკულარულ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორს ძალიან დიდი როლი აქვს, დღეს ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს. დღესაც ესპანეთში იმართება სამიტი, რომელიც სრულად ეძღვნება სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებული პროდუქციის ნარჩენების აღმოფხვრას. მთელი ამ სამიტის ფარგლებში საუბარი მიდის იმაზე, როგორი ტექნოლოგიით უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა.

"ჯამურად, ყოველ წლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1.13 მილიარდი ტონა ნარჩენი გვაქვს, როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის მიმართულებით. ეს ფინანსებში $700 მილიარდის ღირებულების პროდუქციას გულისხმობს. ეს არის პროდუქცია, რომელიც სრულად არის ამოვარდნილი მთელი მოხმარების ციკლიდან.  არა თუ მეორადი გამოყენების პროდუქციად შეიძლება ჩაითვალოს, არამედ უბრალოდ იყრება. ვერც დახლზე ხვდება, ვერც ფერმერის ფინანსებზე აისახება და ვერც საკვები წარმოების ჯაჭვში განიხილება",- განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" დიანა ბერია აგროსოლუშენს ჯგუფის დირექტორი. 

დღეს ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია, როგორ დაბრუნდეს მილიარდობით დოლარის ღირებულების განადგურებული პროდუქცია საკვები წარმოების ჯაჭვებში. მართალია, გამოსავალი მკაფიოა, თუმცა მხოლოდ თეორიულად. მიზნების პრაქტიკაში განხორციელება რთულია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

"მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა შეამციროს წარმოება, რადგან მწვანე ეკონომიკა ზოგადად გრძელვადიან პერიოდსა და რესურსების მოფრთხილებაზეა გათვლილი. მოკლევადიან პერიოდში სასურსათო უსაფრთხოებასაც კი შეიძლება შეეხოს. როდესაც ჩვენ ეკომეგობრული ტექნოლოგიებით ვიწყებთ წარმოებას პროდუქტიულობა, როგორც წესი, მცირდება. განვითარებად ქვეყნებს უფრო ნაკლები რესურსი აქვთ, რომ მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადავიდნენ. ამაში ძალიან დიდი როლი აქვს კერძო სექტორსაც. ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას",- აღნიშნავს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი, ილია კუნჭულია. 

ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მწვანე და ცირკულარული ეკონომიკა განვითარების ახალი მოდელებია. შესაბამისად, დაბალია ინფორმაციულობის დონე. განსაკუთრებით რეგიონებში. ეს კი მაშინ, როდესაც დახლებზე გასაყიდად ქართველი ფერმერის მიერ ნაწარმოები საბოლოო პროდუქტის მხოლოდ 30%-50% თუ ხვდება. დანარჩენი მხოლოდ გამოუსადეგარ ნარჩენად აღიქმება და ნაგავსაყრელზე ხვდება.

"აგრო სოლუშენს ჯგუფი პარტნიორებთან ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. ვამუშავებთ ერთობლივ პროექტს, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნარჩენების მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს",- აცხადებს დიანა ბერია. 

სუბსიდირების სისტემის დანერგვაზე ამახვილებს ყურადღებას ფერმერთა ასოციაცია. 

მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპი ის არის, რომ პოლიტიკის დონეზე მთავრობებმა შეიმუშაონ ისეთი მიდგომები, როგორიცაა სუბსიდირების სისტემა, განათლების პროცესში ისეთი კომპონენტების ჩართვას, როგორიცაა ფერმერებისა და მომხმარებლებისთვის ცნობიერების ამაღლება. სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული ადამიანები ფერმერები, მწაროებლები მეტ-ნაკლებად იცნობენ მწვანე ეკონომიკის კონცეფციას. მაგრამ არ არის პრაქტიკული ნაბიჯები. მწვანე ეკონომიკა ისეთი კონცეპტია, რომ ყველა ქვეყანამ თავის რეალობას, ეკონომიკური განვითარების დონეს უნდა მოარგოს. საქართველოში ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია",- მიიჩნევს ილია კუნჭულია. 
 
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სამომავლოდ ცირკულარული სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პოლიტიკის სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს. პირველი და უმთავრესი ტექნოლოგიებში ინვესტირებაა. მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც კერძო სექტორის მხარდაჭერასა და ცირკულარული სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი ორგანიზაციების წახალისებაში უნდა გამოიხატოს.