პროდუქციაზე ფასები გაიზრდება – ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
„ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლუკა ჭელიძე „ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება ხვალვე არ აისახება პროდუქციის ფასის ცვალებადობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როგორც წარმოების ასევე ნედლეულის მხრივ, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული სავალუტო რყევები მეტ გავლენას ახდენს.
„გაძვირება ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების პროდუქტებს შეეხო. ფასებზე ცვლილებები ჯერ კიდევ 3 კვირის წინ გვქონდა, როდესაც დოლარი 3.17–დან 3.35–მდე ავიდა. მოლოდინებს რაც შეეხება, არსებული მდგომარეობის მიხედვით, ვფიქრობ, ფასები გაიზრდება. მოკლევადიანი ინტერვენციები, რაც ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს მხოლოდ ცოტა ხნით არეგულირებს სიტუაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. მთავარ პრობლემად რჩება ლარის დევალვაცია. გამოსავალი არის იმაში, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, როგორც ნედლეულის ასეევ პირველადი მოხმარების პროდუქციის კუთხით,“– აღნიშნავს ლუკა ჭელიძე.
ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, დიდ სავაჭრო ქსელებს სხვა სახის ხელშეკრულებები აქვთ სადისტრიბუციო კომპანიებთან, დისტრიბუტორი ვალდებულია, რომ წინასწარ გააფრთხილოს კომპანია ფასის მომატებასთან დაკავშირებით, არაქსელურ მაღაზიაში კი პირდაპირ შეაქვთ პროდუქტი არსებული ფასით, და შესაბამისად გაძვირება ასეთ მაღაზიებში უფრო სწრაფად აისახება ხოლმე.
„ჩვენს ასოციაციას დაახლოებით 900–ზე მეტი აქტიური წევრი გვყავს, პანდემიის დროს დაიხურა მხოლოდ 40 მაღაზია. უმეტესობა ფუნქციონირებდა, გაყიდვები გაზრდილი იყო, თუმცა ამას თან ერთვოდა ასევე გაზრდილი ხარჯები ჯარიმები, უსაფრთხოების წესების დაცვა და ა.შ.“ – ამბობს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე.