ეკონომიკა
05/10/2020

პრემიერი: ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, არ გვაქვს შეზღუდვების საფუძველი და სურვილი

შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს და ეკონომიკამ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს.

„აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ყველა ნაბიჯი. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი.

მისი თქმით, დაწესებულებებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება.

"ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის.

დაწესებულებებს ყველას თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, უნდა განახორციელონ თერმოსკრინინგი, უზრუნველყონ დეზინფექციის საშუალებები და კონტროლი თავიანთ თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ სადაც არის განგაშს აუცილებლობა, სწრაფად მოხდეს მედიკოსების რეაგირება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, პირველ რიგში სწრაფი ტესტირება, სწრაფი გამოვლენა, შემდგომ 112-ის და ცხელების ცენტრების სწრაფი ტრიაჟის სისტემა, შემდგომ კლინიკური ჯგუფის ახალი მიდგომა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები 112-ით, ტელემედიცინით და ჯანდაცვის პირველადი რომ სექტორით ვმართოთ, შემდგომ კარანტინები და მძიმე პაციენტები რა თქმა უნდა ჰოსპიტლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

Businesspartner