ეკონომიკა
19/07/2022
პრემიერი: უზბეკეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის გაზრდით დაინტერესებულები ვართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა. შეხვედრაზე ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე ყურადღება გამახვილდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 000 მლნ დოლარამდე შეადგინა.
აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით.
მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს.