ეკონომიკა
20/07/2022

პრემიერი: თურქმენეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალი შესაძლებლობები განვიხილეთ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრაზე საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილა. 
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა,რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას.
 
საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება.
 
საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
 
"ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად",-წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".