პრემიერი: თურქეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია
თურქეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორი წლის წინ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ 3 მლრდ დოლარამდე გაგვეზარდა სავაჭრო ბრუნვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მან თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. სამუშაო სადილზე ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. თურქეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. გახსოვთ, ორი წლის წინ, ანკარაში ოფიციალური ვიზიტის დროს, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ 3 მლრდ დოლარამდე გაგვეზარდა სავაჭრო ბრუნვა. მინდა გითხრათ, რომ უკვე შარშან სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია 2,8 მლრდ დოლარს. თითქმის, 3 მლრდ დოლარამდე ავიდა სავაჭრო ბრუნვა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.