პრემიერი: სისულელე რომ გაგვეკეთებინა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდით?!
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე არ დაუწესა.
"რომ გვიკიჟინებდით, დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები რუსეთს, 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის რა თქმა უნდა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში მძიმე ეკონომიკური ფონია, ამ დროს კი, საქართველოში, პირველ კვარტალში, 14.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ქვეყანაში ასეთი პროგრესი ვერ იქნებოდა.
"დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად მოლდოვაში 27%-იანი ინფლაციაა, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე. ამ პირობებში ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14.4% ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. 2 თვის წინ, სისულელე რომ გაგვეკეთებინა და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ დღეს?", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.