ეკონომიკა
24/05/2022
პრემიერი: საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნა მალე ხელშესახებ შედეგებს მოიტანს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "სიტიბანკის" საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზის შეხვდა, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად მუშაობს და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე არაერთი გავლენიანი ანალიტიკური კომპანიების რეიტინგები მოწმობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საბანკო და ფინანსური მომსახურების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სექტორია საქართველოში, ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Premium Listing-შია წარმოდგენილი. საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და პოლიტიკური და საინვესტიციო კლიმატის პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად.
პრემიერის თქმით, საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია და "სიტიბანკის" დელეგაცია საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში მიიწვია.
"სიტიბანკი" უმსხვილესი ამერიკული ბანკია, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. 2021 წელს ბანკის შემოსავალმა 72 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.
აღნიშნულ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერში" გამოეხმაურა.
პრემიერი ამბობს, რომ რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს.
"დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად,ვაგრძელებ შეხვედრებს. დღეს CitiBank-ის თავმჯდომარის მოადგილეს შევხვდი. რეგიონულ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნა მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.