ეკონომიკა
06/07/2021

პრემიერი საბანკო ასოციაციის წევრებს 10 წლიანი გეგმის სრულყოფაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში 25%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც წლევანდელი პროგნოზი შეცვალა და მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7.7%, ხოლო მშპ-ს ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი იქნება.

ყურადღება გამახვილდა ათწლიანი განვითარების გეგმაზე, რომელიც პრემიერის ინიციატივით, ბიზნესის წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორებისა და დონორების ჩართულობით მუშავდება.

პრემიერმა საბანკო ასოციაციის წევრებს მიმართა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გრძელვადიანი ხედვის დოკუმენტის სრულყოფაში, რაც მასში საფინანსო სფეროს პრიორიტეტების მაქსიმალურად ასახვას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება.

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერთან ეკოომიკის სტიმულირების ხედვებზე ისაუბრეს და საფინანსო სექტორისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.