პრემიერი: რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ტვირთების დივერსიფიცირება აუცილებელია
პრემიერის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოში რთული ვითარება შექმნა.
თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ გონირული პოლიტიკა გაატარა, შედეგად კი, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა.
მისი თქმით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას აქცევს კორიდორში ახალი ტვირთების მოზიდვას. ომმა კი აჩვენა, რომ ტვირთების დივერსიფიცირება აუცილებელია.
"ასეთი გამოწვევა, ასეთი პრობლემა მსოფლიოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. მთელი მსოფლიო წესრიგი დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რომელიც განაპირობა რუსეთის ომმა უკრაინაში. მთელს ევროპაში ფასები გაორმაგებულია, გასამმაგებულია, რიგ შემთხვევაში, გაოთხმაგებული. მსოფლიოსთვის ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ლოჯისტიკაში პრობლემებია, გადაზიდვებში, ფასები პროდუქტებზე.
დავოსის ფორუმის ფარგლებში მოვისმინე პროგნოზები. შეფასებები არის ის, რომ ღარიბი, უფრო მეტად მოწყვლადი ქვეყნები, კიდევ უფრო მეტად გაღარიბდებიან. ამ შემთხვევაში უფრო მეტად აქცენტი აფრიკის ქვეყნებზეა გაკეთებული. ამ სიტუაციაში თუ მთავრობები არ იქნებიან მობილიზებულები და ამ კრიზისს ეფექტურად არ მმართავენ, ჩაერთვებიან უგუნურ და გაუგებარ პროვოკაციებში, ქვეყნები დაიღუპებიან და კიდევ უფრო გაღარიბდებიან. მადლობა ღმერთს, ჩვენ ამ გონივრული პოლიტიკით შევძელით, რომ მთელს ევროპაში გვაქვს უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ ახალი ტვირთების მოზიდვას ჩვენ კორიდორში. ომმა აჩვენა, რომ დივერსიფიკაცია არის აუცილებელი. თუ მანამდე ტვირთები დადიოდა რუსეთის ტერიტორიის გავლით, მე შეხვედრა მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან, კომპანია ვიტოლთან და სხვა კომპანიებთან ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მათი მოთხოვნა არის რომ მოახდინონ დივერსიფიკაცია და ჩვენს კორიდორში წამოვიდეს ტვირთები. ამას სჭირდება რა თქმა უნდა გამართული ინფრასტრუქტურა, რკინიგზა, პორტები და ამ მიმართულებით გვჭირდება მუშაობის გააქტიურება, " - განაცხადა პრემიერმა.