ეკონომიკა
11/07/2022

პრემიერი: მსოფლიოში პროცესები რეცესიისკენ მიდის, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ

პრემიერის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ვეროპაში რთული ვითარება შექმნა. გამოიწვია ინფლაცია, საკვები პროდუქტების მომარაგების კუთხით, პრობლემები. 

მისი თქმით, მსოფლიოში პროცესები რეცესიისკენ მიდის, საქართველო კი, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. 

"რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება - ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში შექმნილი პრობლემები. ნაკლებად განვითარებული, ასევე ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების მიმართულებითაც სერიოზული პრობლემები შეინიშნება. ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როცა ევროპაში და მთელ მსოფლიოში რეცესიისკენ მიიმართება პროცესები, ჩვენ ვინარჩნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას. რა თქმა უნდა ამას შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი. კიდევ უფრო გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით, ენერგიით, პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.