ეკონომიკა
18/12/2021

პრემიერი: კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის შესაქმნელად მეწარმეები და ფერმერები უნდა გავაძლიეროთ

"აგროკრედიტის პროგრამაში" ჯამში ბიუჯეტიდან 560 მლნ ლარი დაიხარჯა. 2022 წელს კი, 121 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის შესაქმნელად მეწარმეთა და ფერმერთა გაძლიერება. 

პრემიერის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ქვეყნის მასშტაბით გაშენებულია 14 000 ჰა-მდე ახალი მრავალწლოვანი ბაღი. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილია 250-ზე მეტი ახალი, გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო. 

"წელს დაახლოებით 20 ათასი კაცით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო სოფლად დაქირავებულთა რაოდენობის ზრდამ 40 000 კაცს გადააჭარბა. 23 მლნ-დან 96 მლნ-მდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ხოლო მიღებული შემოსავლები 75 მლნ-დან 220 მლნ აშშ დოლარამდე. ბოლო 8 წელიწადში ყურძნის რეალიზაციით ჩვენმა მევენახეებმა 1.8 მლრდ ლარი მიიღეს", - აღნიშნა ირაკლი ღრიბაშვილმა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით. დაცული ტერიტორიების ფართობი 280 000ჰა-მდე გაიზარდა. დღეისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის მთელი ტერიტორიის 11.5%-ია.