ეკონომიკა
02/09/2021

პრემიერი EU-ს ტრანშზე: ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებაა, უხერხულია ამდენი საუბარი რომ გვიწევს

ევროკავშირისგან ფინანსური ტრანშთან დაკავშირებულ საკითხზე პრემიერმა განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლება პარტნიორებს უარის თქმის მოტივაციას აუხსნის.

"ჩვენ ჩვენს პარტნიორებს რა თქმა უნდა ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხისა და ვალის აღებაზე და ვფიქრობ, ყველა კითხვა იქნება მოხსნილი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს იყო სესხის ხელშეკრულება და ოპოზიციის განცხადება, თითქოს ეს დახმარებაა, სპეკულაციაა.

„საერთოდ რაზე ელაპარაკება ხალხს „ნაცმოძრაობა". შავით თეთრზე წერია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება და საერთოდ ამდენი საუბარი რომ გვიწევს, უხერხულიც არის, მოსახლეობა დაიღალა, ამდენი პრობლემაა, ამ პროექტებზე ისაუბრეთ, რეფორმებზე, იმ სიკეთეებზე, რომელიც იქმნება ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მთავრობამ სესხი 150 მილიონი ევროს სესხი, სესხიდან ნახევარი ჩამოირიცხა შარშან, მეორე ნახევარი კი, როგორც მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. რაც შეეხება სასამართლო სისტემას ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ქვეყანაში უკვე არაერთი რეფორმა განახორციელდა და ეს პროცესი გაგრძელდება.