ეკონომიკა
27/05/2023
პრემიერი: 2030 წლისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი და მდიდარი
ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და როცა მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრად, მაშინ დავიწყეთ მუშაობა ამის თაობაზე, ამ დოკუმენტზე, ესაა ეროვნული მნიშვნელობის საერთო დოკუმენტი, ეს არის ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ხედვა 2030, ანუ როგორ მიდის ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე. ყველა მიმართულებით არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, რომელიც უნდა გააკეთოს, განახორციელოს მთავრობამ და მთელმა გუნდმა. ამ შემთხვევაში, მთავრობაზე მინდა ვისაუბრო - ყველა სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რა უნდა გააკეთოს და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი და მდიდარი.
„2030-სთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გადავა ქვეყანა. იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვათა შეფასებებით, ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა, მთელი ევროპის მასშტაბით. შედეგად როგორც მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტები ამბობენ, ძალიან მალე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ეს შეიძლება მოხდეს 2-3 წელიწადში, მაქსიმუმ. ამიტომ, ვისაც ამ განვითარების, ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება და შენელება უნდა, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ისაა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მტერი. ამიტომ, ჩვენ და ეს ჩვენი ვალდებულებაა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ,“- აღნიშნა პრემიერმა.