ეკონომიკა
06/12/2021

პრემიერი: 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ $5 500-ს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია

ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები.

„ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც ასევე მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

ჩვენ მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2% და მთავრობის ვალი როგორც მოგეხსენებათ 51,1% იქნება 2022 წელს.

პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში მშპ-ს 9,1%-ს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.