ეკონომიკა
27/10/2023

პრაკაშ კეჟრივალი: ვფიქრობ, საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემოა

"ვფიქრობ, საქართველოში ძალიან ხელსაყრელი ბიზნესგარემოა,"-ამის შესახებ Indorama Group-ის დირექტორმა პრაკაშ კეჟრივალმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი შეფასებით,პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბიზნესის შემოსვლას ქვეყანაში.

"ბოლო გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ საქართველო ინვესტორებს  დიდ შესაძელობებს სთავაზობს. მე წარმოვადგენ სინგაპურში ბაზირებულ indorama corporation-ს, ჩვენ ვართ გლობალური მწარმოებელი ჯგუფი და მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტ ქვეყანაში გვაქვს ინტერესები. საქართველოში ჩვენ ვფლობთ "რუსთავის აზოტს" და მის ოპერირებას უზრუნველვყობთ.

მივიწრაფით, რომ ეს საწარმო გლობალურ მწარმოებელად ვაქციოთ. გვინდა, რომ ის წარმოდგენილი იყოს რეგიონის ბაზრებზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს აქცევს საქართველოს ქიმიური სასუქების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად რეგიონში,"-აღნიშნავს პრაკაშ კეჟრივალი.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო კორიდორებში, პორტებში საჭიროა ინვესტიციების ჩადება, რაც დაეხმარება ექსპორტის გაზრდას ევროპის მიმართულებით. ამასთან, Indorama Group-ის დირექტორის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად რუსთავის აზოტის ექსპორტი არ შემცირებულა.

„გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ფასების კორექტირება,  ბოლო ერთ წელიწადში ფასები დასტაბილურდა და ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გასწორდა, ასევე მიწოდების ჯაჭვიც დასტაბილურდა, აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ „რუსთავის აზოტის“ ექსპორტის მოცულობა არ შემცირებულა“,-განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.

შეგახსენებთ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ გუშინ დაიწყო მუშაობა, ის დღეს სრულდება.  პლატფორმა ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ.