PMCG-ის საბაზისო სცენარით წელს ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება
PMC კვლევითმა ცენტრმა 2021 წლის კრიზისის განვითარების სამი შესაძლო სცენარი შეიმუშავა. დოკუმენტის მიხედვით საქართველოში 2021 წლის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის საბაზისო სცენარის პროგნოზები 3.5%-დან 5%-მდე მერყეობს.
განხილული სამი სცენარის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის თითოეულ სექტორზე ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზირება. საბაზისო სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 3%–ით გაიზრდება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, კი ზრდა 5.4%–ს მიაღწევს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი მოსალოდნელი ზრდა 0.3%–ია.
ცენტრის საბაზისო სცენარის მიხედვით, ეკონომიკა დიდწილად მოახერხებს დაუბრუნდეს ზრდის პანდემიამდელ, გრძელვადიან ტემპებს, თუმცა, პანდემიის გავლენა ჯერ კიდევ საგრძნობია. ეს სცენარი არ ითვალისწინებს შემდგომი ლოქდაუნის საჭიროებას, ითვალისწინებს ვაქცინაციის ვადებს, რომელიც შეესაბამება ამჟამინდელ გეგმას, და ასევე, მოიაზრებს ზაფხულის სეზონზე ტურიზმის ზომიერ აღდგენას.
ოპტიმისტური სცენარით ეკონომიკური აქტივობა პანდემიამდელ ზრდის ტემპებთან შედარებით უფრო სწრაფად მოახერხებს აღდგენას. ეს სცენარი მოიაზრებს შესაძლო პოზიტიურ მოვლენებს, როგორიცაა დაჩქარებული ვაქცინაცია გლობალური და ადგილობრივი მასშტაბით, რომელიც შესაბამისად ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელზე მეტად აღდგენას.
პესიმისტური სცენარის შემთხვევაში - ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს პანდემიამდელი ზრდის ტემპის აღდგენას. ეს სცენარი გულისხმობს უარყოფით მოვლენებს, მაგალითად, გლობალური და ადგილობრივი ვაქცინაციის დაგვიანებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ტურიზმის სექტორის მოსალოდნელ აღდგენაზე. სცენარი, ასევე, ითვალისწინებს ვირუსის მესამე ტალღის შესაძლებლობას და შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებას.
რაც შეეხება დასაქმებას 2021 წლისთვის პესიმისტური სცენარით მოსალოდნელია უმუშევრობის მაჩვენებლის 18.8%-მდე გაზარდა, საბაზისო სცენარისთვის მოსალოდნელია უმუშევრობის დონის 18.3%-იანი მაჩვენებელი, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში - 17.9%. აღსანიშნავია, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებშიც კი, უმუშევრობის დონე 2019 წლის მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნდება.