ეკონომიკა
29/12/2020

პენსიებისა და კომპენსაციებისთვის 2021 წელს ₾2,6 მლრდ გამოიყოფა

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2021 წელს 5,563 მლრდ ლარია, აქედან 2,6 მლრდ ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და კომპენსაციებისთვის.

„ამ თანხაში მოიაზრება როგორც მიმდინარე წელს გაზრდილი პენსიის დაფინანსება, ასევე ინდექსაციის შესაბამისად, პენსიების ზრდა მომდევნო წლის იანვრიდან. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის კი - 25 ლარით,“ - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიიმართება 930 მილიონ ლარამდე, პანდემიასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გათვალისწინებულია 710 მილიონ ლარამდე, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 800 მილიონ ლარს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროგრამაზე დამატებითი რესურსების გამოყოფით, შესაძლებელი გახდა მომსახურების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან შემცირებულიყო 2 თვემდე, რაც პანდემიის პირობებში, კლინიკებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე და აღნიშნა, რომ დევნილთა სახლების მშენებლობა/შესყიდვაზე გათვალისწინებულია 65 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით, 30 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში.