პარტნიორი ვალუტები გამყარდა, ლარი კი ერთ კვირაში დოლართან 4%-ით გაუფასურდა
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე აქტიურობის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას განაგრძობს.
გასულ კვირას ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4%-ით დასუსტდა, სხვა ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებს კი დოლართან მიმართებაში უმეტესად გამყარების ტენდენცია ახასიათებდა.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, რუბლი დოლარის მიმართ 2.3%-ით კ/კ გამყარდა, ერთი კვირის წინ 3.8%-იანი გაუფასურების შემდეგ, რაც ძირითადად ნავთობის ფასების დინამიკით იყო განპირობებული.
ევრო, უკრაინული გრივნა და ჩინური იუანი ასევე გამყარდა, შესაბამისად, 1,7% კ/კ, 1,2% კ/კ და 1,2% კ/კ აშშ დოლართან მიმართებაში.
თურქული ლირა განაგრძობდა გაუფასურებას აშშ დოლარის მიმართ (2.4% კ/კ), თუმცა შედარებით ნელი ტემპით. შედეგად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4.4% –ით კ/კ გაუფასურდა.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა 2 ნოემბერს 60 მლნ დოლარი გაყიდა, სულ კი 2020 წლის დასაწყისიდან პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს დაახლოებით 710 მლნ დოლარი მიაწოდა.