პარლამენტში "სახელმწიფო ვალის მართვის შესახებ" ახალი კანონპროექტი დაინიცირდება
საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის მისიის დახმარებით "სახელმწიფო ვალის" კანონის ცვლილებაზე მუშაობს.
როგორც მთავრობაში ამბობენ, კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
"სახელმწიფო ვალის მართვის შესახებ" ახალი კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება 2022 წლის ბოლომდე იგეგმება.
როგორც სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში წერია, საანგარიშო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის
გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:
მთავრობის ვალის მართვა ხდება მთავრობის მიერ მოწონებული დოკუმენტის შესაბამისად "მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2022 − 2025 წლებისათვის";
2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობამ 49.5% შეადგინა, რაც
მნიშვნელოვნად ნაკლებია მთავრობის ვალის ზღვრულ 60%-თან შედარებით. მთავრობის ვალის დინამიკა 2022 წლის განმავლობაშიც სტაბილურობით ხასიათდება;
მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება ბენჩმარკ ბონდების გამოშვება; წარმატებით მიმდინარეობს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა და 2022 წლის მეორე კვარტალში დაწყებულია პროგრამის ქმედუნარიანობის შეფასებაზე მუშაობა. შეფასების შედეგების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელების/გაფართოების შესახებ სხვა ვადიანობის ფასიანი ქაღალდის ჩართვით; მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის, რისთვისაც დაწყებულია ინვესტორებთან ურთიერთობის სტრატეგიაზე, აგრეთვე ანალიტიკურ და სტატისტიკურ რეპორტებზე/პრეზენტაციებზე მუშაობა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ბოლოს მთავრობამ საგარეო ვალის აღების სტრატეგია შეცვალა.