ეკონომიკა
19/06/2023

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა "ტურიზმის შესახებ" კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

კულტურის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, დოკუმენტი ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

„კანონპროექტი განსაზღვრავს ტურისტული საქმიანობის სუბიექტებსა და მიმართულებებს, აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებს, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებს და მოვალეობებს, ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს, ტურისტის უსაფრთხოებასა და ტურისტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი, რომელიც 1997 წელს არის მიღებული, ვერ პასუხობს ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევებს.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ტურისტული მომსახურების რეგულაციები შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის დირექტივებთან. საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი დავით სონღულაშვილმა, ანტონ ობოლაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, ირმა ზავრადაშვილმა, ვასილ ჩიგოგიძემ, ნინო წილოსანმა, ბეჟან წაქაძემ, ლევან მგალობლიშვილმა და ეკა სეფაშვილმა წარადგინეს.