პაპუნა ლეჟავა: კურსი ერთი წერტილიდან მეორემდე წრფივად არ მიდის, გზაზე შეიძლება იყოს მერყეობები
ლარის გაცვლითი კურსის გრძელვადიან ტენდენციაზე ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი ახდენს გავლენას, რაზეც ეროვნული ბანკის ზეგავლენა შეზღუდულია, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორის“ კითხვას: იზიარებს თუ არა სებ-ი პარლამენტართა მოსაზრებას, ეროვნულ ბანკს აქვს მთავარი მანდატი როგორც ინფლაციასთან, ასევე ლარის კურსთან დაკავშირებით.
პაპუნა ლეჟავამ ვრცლად განმარტა რა ფაქტორები ახდენს ვალუტის გაცვლით კურსზე ზეგავლენას როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან პერიოდში.
"ლარის გაცვლითი კურსის გრძელვადიან ტენდენციაზე ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი ახდენს გავლენას. ასეთებია მაგალითად: მოსახლეობის პრეფერენციები იმპორტულ და ექსპორტულ პროდუქციაზე, სავაჭრო ბარიერები, პროდუქტიულობა ქვეყნის ეკონომიკაში... ასეთ ფუნდამენტურ ფაქტორებზე ეროვნული ბანკის ზეგავლენა საკმაოდ შეზღუდულია. რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიდში, აქ ძირითად როლს ზუსტად ეკონომიკური აგენტების მოლოდინები ასრულებს. მოგეხსენებათ, 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც პანდემიის დაწყებასთან ერთად ნეგატიურობისკენ შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინები, ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როდესაც გაიხსნა ეკონომიკა, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები ამან გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება“, - ამბობს პაპუნა ლაჟავა.
მისი განმარტებით, „ლარის ან სხვა ვალუტის კურსი ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე წრფივად არ მიდის, მას ამ გზაზე ახასიათებს გარკვეული მერყეობები და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს“
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი ახორციელებს აქტიურ სავალუტო ინტერვენციებს, რათა კრიზისის ნეგატიური გავლენის შემცირება მოხდეს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე. ამისათვის 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 916 მლნ დოლარი მიაწოდა და რადგანაც ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული წელს უკვე 254 მლნ დოლარის ინტერვენცია განხორციელდა.
„მოსალოდნელია რომ წლევანდელი წელი უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წელი, თუმცა თუ დადგა აუცილებლობა, რომ საჭიროა შარშანდელი ან მეტი მოცულობის ვალუტის მიწოდება, ამის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნია, მაგრამ, იმედია ამის საჭიროება არ დაგვიდგება“, - აღნიშნავს პაპაუნა ლეჟავა.