ეკონომიკა
23/01/2021
პანდემიური წლის ბიუჯეტში 9,3 მლრდ ლარის გადასახადი შევიდა
პანდემიურ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 9,3 მლრდ ლარზე მეტი შევიდა, რაც კორექტირებული წლიური გეგმის 104%-ია.
საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა 3 მლრდ ლარზე მეტი მიიღო, დამატებული ღირებულების გადასახადიდან - 3,9 მლრდ, მოგების გადასახადიდან კი 919 მლნ ლარი. აქციზით მიღებულმა შემოსავლებმა 1,62 მლრდ ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 18,038 მლრდ ლარი იყო, მათ შორის ვალდებულებების ზრდით მიღებული შემოსავალი 7,288 მლრდ ლარს აღემატება. ამასთან, მთავრობამ 1,95 მლრდ ლარი ქართული კომერციული ბანკების ვადიან დეპოზიტებში განათავსა. კომერციულ ბანკებში დევს ასევე 594 მილიონი ლარიც, რაც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით არის მოზიდული.