ეკონომიკა
29/03/2021

პანდემიური წელი საქართველომ $20.3 მლრდ-იანი მთლიანი საგარეო ვალით დახურა

პანდემიური წლის ბოლო კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 2020 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით 20.3 მლრდ დოლარს (66.5 მლრდ ლარი) მიაღწია, ეს მშპ-ს 127.7%-ია.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 276.4 მლნ დოლარით გაიზარდა, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი ვალი შესაბამისად - 34.1 მლნ დოლარით და 1.2 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ დოლარი (31.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 61.3%-ია, საიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 7.4 მლრდ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.8%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 583.2 მლნ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802.7 მლნ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1%) და 923.6 მლნ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8%).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ დოლარი (15.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ დოლარი (10.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.4%). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 %დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (40.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 77%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ დოლარია (19.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.5%-ია.

2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 125.4 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 115.1 მლნ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.3 მლნ დოლარით გაიზარდა. 2020 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 583.2 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, 207.4 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.