ოთარ ნადარაია: ვფიქრობთ, 2023 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე შემცირდება
თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზის მიხედვით, დეკემბერში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მცირე, მაგრამ ყოველთვიური დეფლაციაა მოსალოდნელი.
საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ ყოველთვიური ინფლაციის დინამიკა მაინც მნიშვნელოვან დასტაბილურებას აჩვენებს, რაც ეტაპობრივად წლიურ ინფლაციაშიც აისახება.
"მსოფლიოში ყველგან, მაღალი ინფლაციის წელია. იმ სამწუხარო ტრაგედიამ, რაც უკრაინაში ხდება, ეს პროცესი კიდევ უფრო გაამძაფრა. საკრედიტო აქტივობები შენელებულია, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული. იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია საკმაოდ ნელა მცირდება, მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ინფლაცია საკმაოდ აგრესიულად შემცირდება. ახლაც თუ შევხედავთ, ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა. არაერთ სასაქონლო პროდუქტზე ფიქსირდება ფასების შემცირება, მაგალითად, ნავთობპროდუქტებზე, ზეთზე. საქართველო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თვალსაზრისით უკვე პიკზეა. ვფიქრობთ, პირველი შემცირება მარტშია მოსალოდნელი და შეიძლება, რომ დღევანდელი 11%-დან თითქმის 9%-მდე შემცირდეს მომდევნო 1 წლის განმავლობაში. ბაზრის მონაწილეთა მოლოდინებიც ასეთია",- განაცხადა გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ.
მისივე განმარტებით, 2023 წელს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, საქართველო მიგრანტების ახალ ტალღებს აღარ მიიღებს, რამაც შესაძლოა ლარი მკვეთრად, მაგრამ მაინც გააუფასუროს.
"ვფიქრობთ, რომ შემოდინებების ნორმალიზება იქნება მომავალ წელს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო ამიტომ მივიღებთ ლარის გაუფასურებას. მაგალითად, ამ გამყარებისთვის, რაც წელს მოხდა, დაახლოებით მილიარდ დოლარზე ნაკლები შემოდინებაც რომ ყოფილიყო, საკმარისი იყო გამყარებისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა, ანუ ამოიღო ეს დოლარი ბაზრიდან. ასევე, დეპოზიტებზე, მიგრანტების დეპოზიტების გარეშეც საკმაოდ ბევრი ვალუტა დაგროვდა. გარკვეულ ნორმალიზებას ვფიქრობთ, მაგრამ არა ისეთს, რომელიც ლარის მკვეთრ გაუფასურებას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერ შენარჩუნდება. ეკონომიკის ზრდაც თავის ბუნებრივ დონესთან ახლოს იქნება 2023 წელს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი ინფლაციის შემდეგ იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ინფლაცია 2023 წელს სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება",- აღნიშნა ნადარაიამ.