ეკონომიკა
21/05/2021

ოთარ ნადარაია: ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი წელს 5%-ს გადააჭარბებს

ეკონომიკის აღდგენა ოპტიმისტურ მოლოდინებზე სწრაფად მიდის, - თიბისი კაპიტალში ელიან, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა 5%-ზე მეტი იქნება.

„ვფიქრობთ, 5%-ზე მეტი უნდა იყოს ზრდა, არ გაგიკვირდეთ და შესაძლოა 6%-იც. არსებული პროგნოზი 3.5% მათემატიკურად გამორიცხულია. დიდი ზრდა გვექნება მეორე კვარტალში საბაზო ეფექტის გამო, შემდეგ მე-3 და მე-4 კვარტალში ზომიერი ზრდის შემთხვევაშიც კი, 5%-ზე მაღალი ზრდის მიღწევა რთული არ არის“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ თიბისი ბანკის უფროსმა ანალიტიკოსმა ოთარ ნადარაიამ.

მისი თქმით, წელსვე საკმაოდ მაღალი ინფლაციაა ნავარაუდევი. წლის ბოლოსკენ 9%-ის ნიშნულზე, რაზეც ზეწოლას საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ჯგუფების გაძვირებაც ახდენს.

ოთარ ნადარაია არ გამორიცხავს, რომ ამ ფონზე ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუხდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ასარჩევია ფულის გაძვირებით ინფლაციის კლებაზე გაკეთდეს ფსონი, თუ გრძლევადიან პერიოდზე გათვლილი გადაწვეტილების მიღება მოხდეს.