ეკონომიკა
03/12/2021

ნოემბერში ინფლაციამ 12.5% შეადგინა

ნოემბერში ინფლაციის ტემპმა მცირედ, თუმცა უკან დახევა დაიწყო. წლიურმა მაჩვენებელმა 12.5% შეადგინა, ოქტომბერში კი ის 12.8%-ით განისაზღვრებოდა.

რაც შეეხება წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონეს ის 0.6%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.1%-ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის ტემპის შემცირებას მარტიდან ელის, თუმცა არა ისეთი ტემპით როგორც ადრე ვარაუდობდა. შესაძლოა ეს მოლოდინი კიდევ შეიცვალოს, რამდენადაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ვირუსის ახალი შტამის რისკებზე მიათითეთებენ. კორონავირუსის ახალი ვარიანტი, "ომიკრონის" საფრთხეებზე მიათითებს Fitch Ratings-იც. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ვარაუდობს, რომ შტამს არ ექნება გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე ისეთი მძიმე დარტყმა, როგორიც ეს იყო COVID19-ის გამოჩენისას, თუმცა ინფლაციის ზრდა მაკროეკონომიკურ მდგომარეობას გაართულებს.

ბანკის პრეზიდენტმა არაერთგზის განაცხადა, რომ ინფლაციის მიზეზად გაზრდილი საერთაშორისო ფასებია ნავთობსა და საკვებ პროდუქტებზე. თუმცა, კობა გვენეტაძის განმარტებით, გარკვეულ ეტაპსა და გარკვეულ დონეზე ეს ფასები გაჩერდება.

“ვფიქრობთ, ეს ფაქტორები მიილევა, და წლიურ ჭრილში 12 თვის მერე უკვე უნდა შევამჩნიოთ ეს სხვაობა. სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მარტიდან უკვე შემცირდება წლიური ინფლაცია. ეს ალბათ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ვვარაუდობდით. ადრე ვფიქრობდით რომ მარტში 6%-მდე შემცირდებოდა წლიური ინფლაცია, თუმცა, ამ პროგნოზის გაკეთების შემდეგ ფასებმა ზრდა განაგრძო საკმაოდ მაღალი ტემპით, მათ შორის ხორბლის ფასებიც იზრდება. ამიტომ ვფიქრობთ, ეს შემცირება არ იქნება ისეთი, როგორც ადრე ვვარაუდობდით,”- აცხადებს კობა გვენეტაძემ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე უფრო მაღალი ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს, ამისთვის სებ-ს საკმაოდ გამკაცრებული აქვს მონეტარული პოლიტიკა და თუ სებ-მა მიიჩნია რომ საჭიროა ახალი ზომების მიღება, ამ ზომებს მიიღებს. მათ შორის ეს შესაძლოა იყოს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება.