ეკონომიკა
30/11/2021

ნათია თურნავა: წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება

ეკონომიკის მინისტრი წელს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ელის.

„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5%-ია. ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმის თქმით, ეკონომიკის სექტორების  უმრავლესობაში ეკონომიკური ზრდაა. მისი თქმით, განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება გადამამუშავებელი მრეწველობა, აგრეთვე ლოგისტიკა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია, რომლის აღდგენის ტემპიც საკმაოდ მაღალია.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა ექსპორტმა, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ოქტომბერში 6.9%-ით გაიზარდა, 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ია.