ნათია თურნავა: შუა დერეფნით კონტეინერების მოძრაობა ჩინეთიდან საქართველომდე 260%-ით გაიზარდა
საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფანი ყველაზე მოკლე გზაა ევროპიდან აზიამდე და ეს ტვირთნაკადის ზრდამაც დაადასტურა, - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დერეფანში საქართველოს მნიშვნელობაზე აცხადებს.
მინისტრი სტამბოლში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტერიალში მონაწილეობს. სტამბოლის მაღალი დონის ფორუმი პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება და მასში 20 -ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.
„მინისტერიალზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველა იმ მიმდინარე პროექტზე, რომელიც ზრდის ტვირთნაკადებს ჩვენს დერეფანში და კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური სტრატეგიული ჰაბის როლს," - აცხადებს ნათია თურნავა.
მისი თქმით, საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფანი ყველაზე მოკლე გზაა ევროპიდან აზიამდე და ეს ტვირთნაკადის ზრდამაც დაადასტურა.
"COVID-19-ის დროსაც კი ჩვენ შევძელით ჩვენი მარშრუტების ფუნქციონირების და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. კერძოდ, კონტეინერების მოძრაობა შუა დერეფნის გასწვრივ ჩინეთიდან საქართველომდე 2019 წელთან შედარებით 2020 წელს გაიზარდა 12,9%-ით, და ეს მაჩვენებელი 260% -ითაა გაზრდილი 2021 წლის პირველ ნახევარში," - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის რეგიონალური სატრანსპორტო პროექტები, რომლებიც ხორციელდება, პირველ რიგში, ესაა ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი რკინიგზა, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.
თურქეთში ვიზიტის დროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვა ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტრანსკასპიურ ოთხმხრივ მინისტერიალში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებთან ერთად, რომლის დროსაც მინისტრები განიხილავენ ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს.