ნათია თურნავა: შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის გამოქვეყნებულ 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მონაცემებს ეხმაურება.
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა.
ხელფასები გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (სხვა სახის მომსახურების გარდა), ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (+23.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (+15.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (+18.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (+24.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+12.4%), ვაჭრობა (+20.1%).
ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით.