ნათია თურნავა: სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2021 წელს ₾290 მლნ-ია მობილიზებული
ნათია თურნავა პრივატიზაციის შედეგებით კმაყოფილია. ეკონომიკის მინისტრი 2021 წლის შედეგებს შთამბეჭდავს უწოდებს.
როგორც თურნავამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, 2021 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტმა 290 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
"ეს მაჩვენებელი გვაქვს 12 დეკემბრის მონაცემებით, ეს ბევრად მეტია ვიდრე ჯამში 2019 და 2020 წლებში. შედარებისთვის 2019 წელს სულ მობილიზებული იყო 119 მლნ ლარი, 2020 წელს - 131 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ჯერ არ დასრულებულა და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - განმარტა ნათია თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე FDI მთავარ გამოწვევად რჩება როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში.
"ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, ვაგრძლებთ მუშაობას საინვესტიციო პროექტების ახალ პორტფელზე, რომელიც ეკონომიკურ გუნდს უკვე წარვუდგინეთ და 40-მდე მსხვილ საინვესტიციო შეთავაზებას მოიცავს. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები ახალი კურორტების, ახალი ლოჯისტიკური ცენტრების, სხვადასხვა პროფილის ეკონომიკური ზონების, ენერგოგენერაციის ობიექტების განვითარების მიმართულებით, ეს ის დარგებია, რომელიც დღესაც საკმაოდ დიდი ინტერესით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს შორის და აქ ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, პროექტები განხორციელდება კერძო ინვესტორების მიერ, თუმცა სახელმწიფოს ჩართულობით, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში.
ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციაში ადგილობრივი ინვესტორის წილი 95%-ია.
"ერთის მხრივ, ეს კარგია. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბიზნესთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. მეორეს მხრივ, მომავალში უცხოური ინვესტიციების წილის გაზრდაც გვინდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა 2021 წელს მთავრობამ შეთავაზებები გააფართოვა.