ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება
ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკის განვითარების პოზიტიური ნიშნები დაინახა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას.
"გამოქვეყნდა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და სასიხარულოა, რომ ექსპორტი სექტემბერში 8.6%-ით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ 2020 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებზე.
მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო ნაწარმს მიუძღვის.
„საქსტატის“ თანახმად, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ ლარი შეადგინა. ამავე დროს, გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი 98,5 მლნ დოლარით. რაც შეეხება 2020 წლის იანვარი-სექტემბერის პერიოდს, სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ დოლარით შემცირდა და 3,314 მლრდ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8%-ული პუნქტით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3,798 მლრდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 12.4%-ით გაიზარდა.