ეკონომიკა
15/04/2021
ნათია თურნავა: საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის კვლავაც მიმზიდველია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში “პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“.
თავის გამოსვლაში, ნათია თურნავამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხაზი გაუსვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამის დადებით შედეგებს. მისი თქმით, ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომლებსაც პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული ზიანი მიაყენა. ნათია თურნავას განცხადებით, კოვიდ-რეგულაციების მკაცრად დაცვა და ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ისეთი სექტორის გამოცოცხლებაზე, როგორიცაა ტურიზმი.
მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი იმ დადებით ტენდენციებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნება და მაგალითად, მან მოიყვანა ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ტვირთის გადაზიდვებზე, რომელიც რეგიონში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს.
ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.5 პროცენტით, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5.1 პროცენტით გაიზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციისკენ, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ინკლუზიურ ხელმისაწვდომობისკენ, მწარმოებლურობის ზრდისა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებისკენ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მობილიზებისკენ არის მიმართული. „პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კონფერენციაში ასევე მოხსენება გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საბირ ლალმა, აგრეთვე უზბეკეთის ფინანსთა მინისტრმა ტიმურ იშმეტოვმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში პიტერ ბურიანმა.