ნათია თურნავა Inter Rao-სთან დავაზე - ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საარბიტრაჟო სასამართლოში Inter Rao-სთან მიმდინარე დავა ადასტურებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.
„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში Inter Rao-სთან მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.
მისი ინფორმაციით,დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო.თურნავას მტკიცებით,სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება.
"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა Inter Rao-ს პოზიციები (ისინი ითხოვდნენ 200 მილიონამდე კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე), მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა, საკითხზე სამართლებრივი დავა კი გრძელდება. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, შესაბამისად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.