ეკონომიკა
16/12/2021

ნათია თურნავა: ინფლაცია მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება

ნათია თურნავამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მინისტრმა პრობლემა პანდემიას დაუკავშირა და განმარტა, რომ არ უკავშირდება ფუნდამენტალურ მაკროეკონომიკურ გარემოებას.

მისი თქმით, პანდემიის ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე არაერთ საქონელზე ფასები გაიზარდა და საქართველო, როგორც რიგი პროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა, ფასების დონე საქართველოშიც მოიმატა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს მოვლენა დროებით ხასიათს ატარებს და ფასების დონე დასტაბილურდება პანდემიის დაძლევის პარალელურად. 

„ჩვენ არ ველოდებით პანდემიის დასრულებას და ვატარებთ ღონისძიებებს ფასების ზრდის შესამსუბუქებლად. ეროვნული ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი უკვე მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ინფლაციის ნიშნულის შემცირებას, ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფლაციური ზეწოლის შემამცირებელი კლასიკური ბერკეტია.

ეროვნული ვალუტის სიმყარესთან საუბრისას, მინისტრმა თურქეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც 25%-იანი ინფლაციაა თურქული ლირის ისტორიული გაუფასურების ფონზე. "საქართველოში დღეს ეს დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს, ეროვნული ვალუტის კურსი, არსებითად, სტაბილურია,“ - განაცხადა მინისტრმა.